სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

გარემოს დაცვა

ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში მოქმედი ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი 87 სტაციონარული ობიექტი, რომელთა შორის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებია საზღვაო ტერმინალი (49,67%) და ნავსადგურები (17,18%), აგრეთვე ასფალტის წარმოები (19,44%). მათი გაფრქვევების ხვედრითი წილი მთლიან გაფრქვევებში 86,3%-ს შეადგენს. ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლისთვის, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა ჰაერში ემისიები (აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევები - 88%-ით, გოგირდის ორჟანგის - 18%-ით, აზოტის ჟანგეულების - 15%-ით, ხოლო ნახშირჟანგის - 14%-ით). დაბინძურების ზრდის სავარაუდო მიზეზებად მოქმედ საწარმოთა ემისიებისა და ფოთის პორტის აქტივობის (განსაკუთრებით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის) ზრდა უნდა განვიხილოთ. რეგიონი არ შედის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელში და შესაბამისად ჰაერის ხარისხის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი არ ხორციელდება.

ზედაპირული წყლის ობიექტების წყლის ხარისხზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ზემოაღნიშნული დაბინძურების წერტილოვანი წყაროები (მოქმედი საწარმოები), არამედ დიფუზიური წყაროებიც, როგორიცაა დასახლებული პუნქტებიდან სანიაღვრე წყლები, ღია კარიერები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამდინარე წყლები და ოფიციალური თუ სტიქიური ნაგავსაყრელები. ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც (სამეგრელოს ტერიტორია) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, სამეგრელოში სოფლის მეურნეობას დიდ ზარალს აყენებს ამერიკული თეთრი პეპელა, რომელთან საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ტოქსიკური პროპელენტების შესხურების მეთოდი. სავარაუდოდ, აღნიშნული გარემოება უარყოფით ზეგავლენას იქონიებს დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმდებარე ზედაპირული წყლის ობიექტების წყლის ხარისხზე.

რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ზედაპირული წყლის რესურსები - მდ. რიონი და პალიასტომის ტბა შედის ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელში და მეტ-ნაკლები სიხშირით მიმდინარეობს წყლის ხარისხის მონიტორინგი. 2005-12 წლის მონიტორინგის მონაცემების თანახმად ჟბმ-ის (BOD5) მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია მონიტორინგის ყველა წერტილისათვის. ნიტრიტ იონისა და ამონიუმის იონის კონცენტრაცია 2-3-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. აღნიშნული დაბინძურების წყაროს, სავარაუდოდ, კომუნალური და სამრეწველო ჩამდინარე წყლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამდინარე წყლები წარმოადგენს. ეს გარემოება საგანგაშოა, რადგან მდინარეების ზღვაში ჩადინებისას მიმდინარეობს დამაბინძურებლების ტრანსპორტირება და შესაბამისად ზღვის წყლის ხარისხის გაუარესება.

რეგიონში, რიონის აუზში, მდინარის შესართავთან და სანაპირო ზოლზე მდებარეობს ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემები - რამსარის საერთაშორისო კონვენციით დაცული ტორფიანი ჭაობები, სფაგნუმის ჭაობები, დიუნები და ფიჭვის კორომები და პალიატომის ტბა. ხელოვნურად გაჭრილმა არხმა (1924 წ.) მნიშვნელოვნად შეცვალა პალიასტომის ტბის ჰიდრობიოლოგია, გამოიწვია მტკნარი წყლის პლანქტონის ბიომასის 15-ჯერ და ბენთოსის 6-ჯერ შემცირება. თუ 1984 წელს ტბაში 36 თევზის სახეობიდან აღიწერა 27 სახეობა, დღეისათვის 16 სახეობაა შემორჩენილი. აღნიშნული წყლის ობიექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი ჰიდროლოგიური, ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მეთოდების გამოყენებით შესწავლა-შეფასება მრავალი საერთაშორისო პროექტის მიზანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი საწარმოო ობიექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (ბაქო-სუფსა) და ენგურჰესი. აღნიშნული ობიექტები, მასშტაბებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის მატარებელია როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ეკოსისტემებისთვის. ამდენად, აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში რეაგირების გეგმის არსებობა.

ტყის დაცვა

რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ხე-ტყის დამზადების პარალელურად, აუცილებელია ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების გატარება. რეგიონის ტყეების დეგრადაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად და სამომავლო რისკ-ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი და ანთროპოგენული წარმოშობის ტყის ხანძრები. რეგიონის ტყეების სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკანასკნელი წლების მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად (9800 ჰა ფართობზე) ამერიკული თეთრი პეპელა განისაზღვრა. უკანასკნელ წლებში დაფიქსირდა კოლხური ბზის კორომების მასიური დაზიანება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტყეები გამოირჩევა თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებლით, ბუნებრივი განახლება შესამჩნევია როგორც წიწვიან, ისე ფოთლოვან კორომებში. იმის გათვალიწინებით, რომ აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება რეგიონის ტერიტორიაზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელების სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს, ლიცენზიის მფლობელებისა და ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების გაზრდითა და მდგრადი ტყითსარგებლობის უზრუნველყოფით შესაძლებელი იქნება რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.

ბუნებრივი კატასტროფების მართვა

შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონა განიცდის სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების ზემოქმედებას, რომელთაგან ზოგიერთი კლიმატის ცვლილების ზეგავლენით მწვავდება. რეგიონის ტერიტორია, მდინარე რიონის დელტა და სანაპირო ზონა წარმოადგენს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლად სისტემას საქართველოში. აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილი აქვს ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეულ წყალდიდობებს, ზღვის დონის აწევას (ევსტაზია), შტორმულ მოდენებს და სედიმანტაციას (მდინარის მყარი ნატანის შემცირება-მოსილვა) და კლიმატის ცვლილებას.

აღსანიშნავია, რომ მდინარე რიონის დელტაში, მდინარის დონეზე 1,5-2,0 მ–ით დაბლა, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი ფოთი თავისი გარეუბნებითა და ნავსადგურით. ევსტაზია ამ სეგმენტში ყველაზე მკვეთრადაა გამოხატული და სანაპირო ყველაზე მაღალი სიჩქარით იძირება (h=0,56 მ/საუკუნე). შედეგად, წყლის დონემ, სანაპიროსთან შედარებით, 1925 წლიდან დღემდე 0,7 მ-ით აიწია. 1920-იანი წლების შემდეგ, შტორმებისა და ანთროპოგენური ჩარევის შედეგად (დამბების აგება), ზღვამ მიიტაცა 3,5 კმ სიგანის სანაპირო, რომლის დიდი ნაწილი იპოდრომს, საცხოვრებელ სახლებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეკავა. გაზაფხულის წყალდიდობის დროს, როდესაც ზღვის დონე საშუალოზე 0,2-0,25 მ-ით იმატებს და მდ. რიონის კალაპოტის გამტარუნარიანობა მკვეთრად მცირდება, ფოთს სერიოზული საფრთხე ექმნება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1987 და 1997 წლებში წყალმოვარდნებს შედეგად მოყვა 13 მლნ აშშ დოლარის ზარალი, აგრეთვე მსხვერპლი. საერთო ჯამში, შტორმულმა მოდენებმა ამ უბანზე უკვე 60%-ით მოიმატა, რაც საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფაქტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 5%-იანი უზრუნველყოფის, ანუ საუკუნეში 5-ჯერ მოსალოდნელმა წყალმოვარდნებმა, რომლებიც 1930-იან წლებამდე უხიფათო იყო, ამჟამად კატასტროფული ხასიათი მიიღო და ევსტაზიის მატების პროპორციულად იზრდება. უახლოეს მომავალში (2030-2050 წწ) შტორმების მოსალოდნელი გახშირებისა და შეფარდებითი ევსტაზიის დამატებით 0,2-0,3 მ-ით გაზრდის შემთხვევაში, შტორმული მოდენები კატასტროფული შედეგების მომტანი გახდება.

რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა და კლიმატური თავისებურები, კერძოდ ატმოსფერული ნალექები და მათი სეზონური განაწილება, ხელს უწყობს გეოდინამიკური პროცესების - მეწყრების, ღვარცოფების და მდინარეებში წყალმოვარდნებთან დაკავშირებული სეზონური ეროზიული პროცესების გააქტიურებას. დადგინდა, რომ რეგიონში საშიში გეოლოგიური პროცესების გავლენის რისკის ქვეშ იმყოფება 96 დასახლებული პუნქტი, ხოლო დაზიანების კოეფიციენტი (დაზიანებული პუნქტების რაოდენობის შეფარდება დაუზიანებელთან) 0,2-ის ტოლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ფერდობის გატყიანება, ნაპრალების შევსება, მდინარის კალაპოტის გაწმენდა და ა.შ. მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრაცია რეგიონის სხვადახვა სექტორის განვითარების გეგმებში.

გარემოსდაცვითი საქმიანობა და თანამშრომლობა

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტს - შავს ზღვას, სამხარეო ადმინისტრაცია, თვითმმართველი ერთეულები და რეგიონის მოსახლეობა არ არიან ჩართული შავ ზღვასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საქმიანობაში. საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და დონორი ქვეყნების წარმომადგენლობების მიერ გარემოსდაცვითი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელება, ტრადიციულად, მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა. რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარემოსდაცვითი საქმიანობა, ძირითადად, ხორციელდება წყლის რესურსების (მდ. რიონის), დაცული ტერიტორიების (კოლხეთის ეროვნული პარკის) და კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიების (შავი ზღვის სანაპირო ზოლი) მართვასთან დაკავშირებით.

ასევე არ იყო უზრუნველყოფილი კლიმატის ცვლილების საკითხებზესაზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. რეგიონის აქტიური მონაწილეობა ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსის მართვის ღონისძიებებში უდავოდ ხელს შეუწყობს რეგიონში გარემოს დაცვის ეფექტიანად განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიურ ზემოქმედებასთან სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემების ადაპტაციის პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიიღოს ფართომასშტაბიანი ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება. მნიშვნელოვანია რეგიონისთვის აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება და შესაბამისი პროექტების შემუშავდება.

დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია

საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიის, კოლხეთის ეროვნული პარკის უბნები საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. კოლხეთის ეროვნული პარკი (საერთო ფართობი 44599,8 ჰა) მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს და შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს პარკის სახმელეთო ფართობის 31%. კოლხეთის ჭაობები ძალზე მნიშვნელოვანია თავისი რელიქტური წარმოშობით. დღემდე შემორჩენილია რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები. გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნში შეტანილი ორი სახეობა - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს ფრინველების 194 სახეობა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი და შესაბამისად მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

რეგიონის ტერიტორიაზე აგრეთვე მდებარეობს კაცობურის აღკვეთილი, რომელიც 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა და მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აღკვეთილის ტერიტორიაზე შემორჩენილია კოლხური ტყის ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები, მობინადრე ფრინველის რამდენიმე სახეობიდან აღსანიშნავია კოლხური ხოხობის პოპულაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მყოფი ზემო სვანეთის დაცული ტერიტორია, რომელიც წარმოდგენილია ზემო სვანეთის ეროვნული პარკით. მას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკავია და ზღვის დონიდან 600-5200 მ-ის სიმაღლის ფარგლებში მდებარეობს. ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ფლორაში 212 სახეობა კავკასიის ენდემია, 52 სახეობა - საქართველოს ენდემი, ხოლო 9 სახეობა - საკუთრივ სვანეთის ენდემი. პარკში მობინადრე ფრინველების ნაწილი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ორი უნიკალური წარმონაქმნი - გეომორფოლოგიური და გლაციოლოგიური თავისებურებებით გამორჩეული ადიშის მყინვარი და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძველმყინვარული ლოდი - „ფერხულის ქვა“. 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო