ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას - ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება მორიგი ნიშანია იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება.
„ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბურ ჩანაფიქრს ქართული კომპანია - „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, რაც აჩვენებს ადგილობრივი ბიზნესის კომპეტენციას, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები.
მთავრობის მეთაურმა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და ამ მარშრუტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს - ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ახალი ნავმისადგომის მშენებლობასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი და „პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


























