ახალი ამბები
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
ზუგდიდიში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია, რწმუნებულის აპარატის უფროსი ლევან წულაია, რეგიონის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზეადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და შეკრებილებს აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.
შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.
ეროვნული ასოციაცია, მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.