ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან კონკრეტული მიმართულებით ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის მონაწილემ, სოციალური მიმართულებით, მუნიციპალური დახმარების პროგრამა განიხილა და ხაზი გაუსვა 200-ზე მეტი უსახლკარო ოჯახის მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ნაგებობებს აფარებეს თავს. ასევე, წყლის დაქსელვისა და საკანალიზაციო სამუშაოების პარალელურად, მომავალი წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს. მოსახლეობის გადაადგილებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად სატვირთო ავტომობილების უწესრიგო პარკირება დასახელდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ ტერიტორიებს გამოყოფს. აგრეთვე აღინიშნა სამედიცინო პუნქტების არასაკმარისი რაოდენობა, რადგან, ძირითადად, კერძო კლინიკები დომინირებენ. ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად კი დასაქმების პრობლემა დასახელდა, რაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლის შეფასებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დაიძლევა. აქვე აღინიშნა, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტს 40 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. გუბერნატორმა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განხილვისას პედაგოგებთან, კულტურის მუშაკებთან, ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსა და სპორტსმენებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან - კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, კოლამბრის კუნძულს ესტუმრა, სანაპირო ზოლში მიმდინარე სამუშაოები და მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დაუსრულებელი სასტუმრო დაათვალიერა. გუბერნატორი შინმოუსვლელთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა.
ალექსანდრე მოწერელია 30 ნოემბრის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა. გუბერნატორი სახურავების მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე ქალაქის ოთხი სხვადასხვა ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებსაც გაესაუბრა.