ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ მუნიციპალიტეტების მერებთან 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ შეხვედრა გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, 30 ნოემბრის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. საბოლოო მონაცემებით, 1600-მდე დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა და მრავალბინიანი კორპუსების, ასევე, 39 სკოლის, საბავშვო ბაღისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების დაზიანებების სიმწვავისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, დეტალურად ისაუბრეს.
,,მესმის, რომ მუნიციპალიტეტების მერები ყოველ დღე, უკლებლივ ყველა დაზიანებულ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე ვერ გაუწევთ მონიტორინგს, მაგრამ თუ უტყუარი ინფორმაციის მიღება გინდათ, უშუალოდ დაზარალებულ მოქალაქეებს ეკონტაქტეთ. ასე შევძლებთ მაქსიმალურად ეფექტიანად გადავწყვიტოთ სტიქიისგან გამოწვეული ჩვენი პრობლემები.“ - მიმართა ალექსანდრე მოწერელიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტების მერებს, თითოეული ობიექტის მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, როგორც დაურეგისტრირებელი, ისე ეკონომიკის სამინისტროსა და კოოპერატივების ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა სთხოვა. ამავე შეხვედრაზე დამსწრეებმა განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ადგილზე გაეცნობა.