ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ლევან წულაია სოფელ რუხში ინგლისური ენის კლუბის გახსნას დაესწრო. კლუბი აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი რესურსით და ტექნიკით. ახლადგახსნილ კლუბში ჩატარდება ინგლისური ენის მეცადინეობები, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკა. ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო ადგილით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს მიმდებარე სოფლებიდან.
პროგრამა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მოიცავს სამ კომპონენტს. ესენია: ინგლისური ენის კლუბის გახსნა, პედაგოგების ,,ცვლილებების გამტარებლებად’’ გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ ტრენერების მომზადება. მასტერ ტრენერები თავის მხრივ 100 მასწავლებელს გადაამზადებენ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ინგლისური ენის კლუბი, პროგრამის „ინგლისური ენა თემისთვის’’ ფარგლებში, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს, შეიძინონ დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში შემწყნარებლობის, გენდერული თანასწორობისა და დიალოგის გზით სადაო საკითხების მოგვარების უნარების ამაღლებას. პროგრამის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.