ახალი ამბები
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ფერმერის დღე აღინიშნა
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ფერმერის დღე აღინიშნა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო ფერმერთა წარმოებული პროდუქცია.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ფერმერები და ღონისძიებით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.
,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, ღონისძიების ასე კარგად ორგანიზებისათვის. ფერმერთა დღის სამეგრელოში აღნიშვნა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარისათვის. აგრარულ ქვეყანაში ფერმერული საქმიანობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის."- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
ფერმერის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება 15:00 საათზე, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყო, 17:00 საათზე კი, ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდა, რასაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე გაუძღვა. პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდა 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს, ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.