ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის საკითხებზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები - კობა ქანთარია და ნინო ვიბლიანი გუბერნიის შენობაში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროექტის - „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“ - შედეგების განხილვას მიეძღვნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2018 წლის აპრილიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე პროგრამა - „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის რგოლში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის”. პროგრამა გულისხმობს პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის ამაღლებას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროგრამა გლობალური ფონდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
საპილოტე პროგრამის ამოქმედებისათვის წინასწარ შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდნენ რეგიონში მომუშავე ოჯახისა და სოფლის ექიმები, ხარისხის მართვის ჯგუფები.
ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები და რეგიონის სამედიცინო პერსონალი.
კონფერენციაზე წარმატებული ექიმები დაჯილდოვდნენ.