ახალი ამბები
სამეგრელოში მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდა. დღეიდან სოფელ საგვარამიოში ბუნებრივი აირით 260 ოჯახი ისარგებლებს. ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ოჯახში, მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზქურა პირველად აინთო. აღნიშნულ პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია პირადად დაესწრნენ.
,,სამეგრელო, გაზიფიცირების სამუშაოების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი უბანი, უახლოეს ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები - ოთარ დანელია და ირაკლი ბერაია, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ცერემონიის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ სხვა უბნების გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მინისტრის მოადგილემ და გუბერნატორმა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს.