ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს. ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის.
„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნება, რომელიც დღემდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელის პოსტს იკავებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის გარდა, პრემიერ მინისტრა ახალი სახელმწიფო რწმუნებულები გურიაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და მცხეთ-მთიანეთში წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი განვითარებაა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,, ის გეგმები, რომლებიც დაისახა რეგიონების განვითარებისათვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და ძალიან მაღალი დონის დისციპლინით.
„რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავს სახელმწიფო. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში, რათა გვქონდეს უკეთესი საშუალება, მოვახდინოთ ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ გუბერნატორებს დღეს ეძლევათ შესაძლებლობა იმისა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ახალ გუბერნატორებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ეს პოსტი მათთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალი იდეების, ხედვების განსახორციელებლად.
„ჩვენი ქვეყნის რეგიონებში არის განვითარების დიდი პოტენციალი. მე მჯერა, რომ ამ რესურსს მაქსიმალურად ავითვისებთ და რაც მთავარია, თვისებრივად შევცვლით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ქვეყნის ყველა წერტილში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.