ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, სადაც მობილიზებულია 40 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება.
„მასშტაბური ღონისძიებები თერმული ნისლის გამოყენებით გაგრძელდება ივლისსა და აგვისტოში, როცა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით, მოსალოდნელია მისი გააქტიურება. ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს და წელს უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგი, რადგან მავნებლის პოპულაცია შარშანდელთან შედარებით შემცირებულია“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ
დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) - 18 ათასზე მეტი ჰექტარი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ფერმერებს, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აქტიურად ჩაერთონ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.