ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადება
ვეხმაურებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ მასალას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ემსახურებოდა.
ტელეკომპანიის ეთერში გავიდა მცდარი, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებული ინფორმაცია, რომელიც გუბერნატორის თითქოს კონტრაბანდულ საქმიანობას ეხებოდა. ტელეკომპანიას არ ჰქონდა არცერთი ფაქტი, მტკიცებულება და გაჟღერებული ბრალდებები მხოლოდ ერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეკუთვნოდათ, რომელთა პოლიტიკურ ინტერესსაც მათთვის მიუღებელი გუბერნატორის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მაშინ როდესაც მედიასაშუალებას შეეძლო მოეკვლია სიმართლე, ფაქტები გადაემოწმებინა წყაროებთან, ამის ნაცვლად მთელი რეპორტაჟის განმავლობაში ცდილობდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის განვრცობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერებისგან მიღებულ ინფორმაციას კი მტკიცებით ფორმაში გადმოსცემდა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუბერნატორს არათუ კავშირი აქვს მსგავს არაკანონიერ ქმედებებთან, არამედ ათწლეულების განმავლობაში, სწორედ მსგავსი არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ იბრძოდა.
კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტურად იბრძვის სახელმწიფო. შესაბამისი უწყებების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად არაერთხელ მოხდა კონტრაბანდული საქონლის ამოღება. ასევე არასწორია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს დანაშაულის ამ მუხლით 64 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია - დაახლოებით 557 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამასთან, 2017 წელს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტებიდან, დაახლოებით, 300 000 კოლოფი წარმოადგენდა კონტრაბანდული გზით შემოსულ ტრანზიტულ ტვირთს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის არ იყო გათვლილი.
„რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენები ე.წ. „კონტრაბანდული გზა“, რეალურად ჩვეულებრივი გზაა, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ და გამყოფ ხაზთან ათეული წლებია არსებობს. ,,რუსთავი 2"-ის უსაფუძვლო ბრალდებებისგან განსხვავებით, ხელისუფლება გამყოფ ხაზთან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე არის ორიენტირებული.
მთავრობა მიმდებარე სოფლებში ისეთ პროექტებს ახორციელებს რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 2013 წლიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში 91 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის გზები დაიგო ისეთ სოფლებში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა, განხორციელდა წყალმომარაგების, ნაპირდაცვის, საბავშვო ბაღების უმნიშვნელოვანესი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი გამყოფ ხაზთან ახლად აშენებულ რუხის სავაჭრო ცენტრსა და რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ენიჭება. რეგიონში სწორედ ამ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გადაფარვას და პოზიტივის ნეგატივით ჩანაცვლებას ემსახურება „რუსთავი-2“ ის მსგავსი სიუჟეტები, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.