ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას იწყებს
ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, იწყებს ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას. სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).
დაზიანებულ ფართობებზე, ასევე, ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც.
გარდა ბრძოლის ღონისძიებისა, დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.
კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა.
2016 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელა.
2017 წელს, მავნებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 150 ჰა ფართობზეც, სადაც სააგენტომ ასევე განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, იმერეთის რეგიონის ზოგიერთ მონაკვეთში დაფიქსირდა მავნებლის გარკვეული რაოდენობით შემცირება და დაზიანებული ნარგაობის რეგენერაცია.