ახალი ამბები
ზურაბ ალავიძემ წალენჯიხის განახლებული კულტურის სახლი დაათვალიერა
რეგიონებში კულტურული ცენტრების აღდგენა და რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ერთ-ერთი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა წალენჯიხაში. დღეიდან, ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი მოემსახურება.
ავარიულ შენობაში მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდა განათების, სავენტილაციო და გათბობის თანამედროვე სისტემები.
დასრულებული სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესტან დავით კოდუასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურული ცენტრების აღდგენას სათანადო ყურადღება ეთმობა. ,,ბევრ მუნიციპალიტეტში წლების წინ დახურული, ავარიული და უფუნქციო შენობები დგას. ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრის რეაბილიტაცია დავასრულეთ წალენჯიხაში, სადაც მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა და დარბაზი. მალე ცენტრი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას განახლებულ კულტურის სახლში ღირსეულად უმასპინძლებს“.
წალენჯიხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსსებით გახდა შესაძლებელი, რისთვისც 680 000 ლარი დაიხარჯა.