ახალი ამბები
სენაკში, მდინარე ტეხურზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, მდინარე ტეხურზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიხედვით, უკვე დასრულდა მდინარე ტეხურის გასწორხაზოვნება 500 გრძივ მეტრზე. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მდინარის დინების მიმართულების მარცხენა მხარეს 420 გრძივ მეტრზე, აგრეთვე ქვანაყარი ბერნის მოწყობა მდინარის დინების მარჯვენა მხარეს 90 გრძივ მეტრზე.
პროექტის ღირებულება, რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს შეადგენს 327 000 ლარს. სამუშაოები, რომელიც 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.
მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ მაქსიმალურად შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის და ნაპირის ჩამოშლის საშიშროება.
2013 წლიდან დღემდე , სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა 2 878 გრძივ მეტრზე, რომლის ჯამურმა ღირებულაბამ 2 982 760 ლარი შეადგინა.