ახალი ამბები
ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.
საზეიმო მსვლელობას, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ, რომლებმაც მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცესდაა დღესასწაული მიულოცეს.
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს.