ახალი ამბები
სენაკში რკინიგზის სადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სენაკში რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა შენობის სახურავის შეკეთება. სრულად განახლდება ელექტროგაყვანილობა და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების სისტემა, კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაატვალიერეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 134 999 ლარს, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯიარ ქონების მართვის’’ დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი.
გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას, რკინიგზის სადგურს მანამდე არ ჩატარებია.