ახალი ამბები
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობასა და მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ, სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ექსპორტიორებს, თხილის გადამამუშავებელი კომპანიების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მცენარეთა ინვაზიური მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის ქიმიური წამლობა 48 000 ჰექტარზეა ჩატარებული.
„აზიური ფაროსანას საწინააღდმეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ღონისძიებების ეფექტიანობას ადასტურებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მონიტორინგს განაგრძობს. აგრეთვე, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან, რათა მომავალში ეფექტიანად ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და თავიდან იქნას აცილებული თხილის მოსავლის შემცირება, რაც, წელს უხვი ნალექების გამო თხილში გავრცელებულმა სხვადსხვა სოკოვანმა დაავდებებმა განაპირობა,“-განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ატარებს.