ახალი ამბები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ ზუგდიდის ტექნოპარკში შეხევდრა გაიმართა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ზუგდიდის ტექნოპარკში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებს, DCFTA-ს გამოწვევებს, პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებს და სხვა საკითხებს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნერნატორის მოადგილე დავით კოდუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ესწრებოდნენ.
მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში.
2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.