ახალი ამბები
წელს პირველად ,,ანაკლიობა” გაიმართება - ფესტიალში მონაწილეობას ცნობილი ბრენდები მიიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისა და განვითარებისათვის.
აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება ანაკლიის, როგორც ერთერთი მიმზიდველი ტურისტული ადგილის შექმნასა და წარმოჩენას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
ამისათვის, პროექტის ინიცირებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ფესტივალს „ანაკლიობას“, რომელიც იქნება საქართველოში მოქმედი წარმატებული ბრენდებისა და ადგილობრივი პროდუქციის თავმოყრისა და კომერციული საქმიანობის ადგილი.
"ანაკლიობა" "ჯემ-ფესტის" დაწყებამდე 2 დღით ადრე 12 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ბიზნეს ფესტივალში მონაწილე კომპანიებს სპეციალურ პავილიონებში დარჩენა და საკუთარი ბიზნეს აქტივობების განხორციელება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
ანაკლიობის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ანაკლიობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, USAID პროექტი Zrda-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
USAID პროექტი Zrda სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ანაკლიასა და განმუხურში კიდევ ერთ პროექტს ახორციელბს, რომლის მიზანია საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამირების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა.
დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.