ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა
სტიქიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედაეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად ენერგოპროს ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური წაქცეული ხეებისგან საავტომობილო გზებსა და საკარმიდამო ტერიტორიებს ოპერატიულად ათავისუფლებს. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება თავისუფალია.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ლაშა გოგიამ დაზარალებულ ოჯახებს, პირველადი დახმარების სახით გადასახური საშუალება გადასცა.
გამგებლის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს, აგრეთვე შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. გამგებლის განმარტებით ზარალის დადგენის შემდეგ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.