ახალი ამბები
ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი დაიწყო
დღეს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის - ძვ.წ. VIII-VII სს-დან კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ძვ.წ.IV-III სს-დან, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯის -არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, სააგენტოს მოადგილებმა - დავით ლომიტაშვილმა და პაატა დოლიძემ ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი იყო. ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრული კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია - კონსერვაცია.
2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.