მარტვილის მონასტერი
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი მეფე დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
აქ მოღვაწეობდნენ: გიორგი ჭყონდიდელი — ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (1118).საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.
კონსტანტინე მარტვილელი — ქართველი მწიგნობარი და მეცნიერი
იოანე მინჩხი — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.
სტეფანე სანანოიძე — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.
ალექსი (შუშანია) — ღირსი მამაჲ მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (1923) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
აღსანიშნავია ის ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც საინტერესო წარსულის მატარებელია და რომელსაც გაეცნობით მარტვილში.
მარტვილის სამონასტრო კომპლექსი– ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
მარტვილის მონასტერი დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი. VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა. X ს-ში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი.
აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ერთგული მოკავშირე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - აგებულია მცირე გალავნით შემოსაზღვრული მოედნის შუაგულში. ტაძარმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. თავდაპირველად ის ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძლიერ დააზიანა. X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონებს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურადაა განლაგებული.
ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.
საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (ჩიქოვანების მცირე ეკლესია;). იგი X ს-შია აგებული, გადაკეთებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია სამსართულოვანია. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეგვტერის დანიშნულებას ასრულებს, მეორეზე გუმბათოვანი ეკლესიაა.