ახალი ამბები
''ჯეოდემო'' თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო წალენჯიხაში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნენ.
კომპანია „ჯეოდემოს“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 150 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, აქედან 294 167 აშშ დოლარი გრანტი, ხოლო 367 709 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. შპს „ჯეოდემოს“ საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია წელიწადში 550 ტონა დაკალიბრებული თხილის გულს აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. უახლოეს მომავალში კომპანია „ჯეოდემოს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა ხოლო დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა კომპანიამ თავად უზრუნველყო. შპს ,,ჯეოდემო“ დაახლოებით 3 კვირაში სერტიფიკატს უკვე მიიღებს.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 153 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი საწარმო და გაფართოვდა 36 საწარმო.



