ახალი ამბები
ფიცის დადების ცერემონიალი ნოქალაქევში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საწყისი საბრძოლო მომზადების პირადმა შემადგენლობამ, თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში, ერთდროულად დადო სამხედრო ფიცი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ფიცი ნოქალაქევში - დიდი ისტორიული დატვირთვის მქონე ციხე-გოჯის ტერიტორიაზე დაიდო. ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივი დანიშნულების ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სენაკში - ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიების პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალები მოეწყო თბილისში - თავისუფლების მოედანზე; კახეთში - იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარზე.







