ახალი ამბები
გუბერნატორმა ლევან შონიამ ხობში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
დღეს, 21 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა, შპს „GORKEM” ახორციელებს და 20 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ამ დროისათვის სამუშაოების 50% შესრულებულია. ნაპირსამაგრის მოწყობის შემდეგ 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება და მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.







