ახალი ამბები
წელს აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება

წელს, სოფელ ძველ აბაშაში, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განახლება მოხდება. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია. გუბერნატორს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.
გუბერნატორის განცახდებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.



