ახალი ამბები
გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

თოვასთან ერთად, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ცენტარლურ და შიდა გზებზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. პრობლემურ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.
სხვადასხვა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამადაც. სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამჟამად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ მესტიაში თოვს.



