ახალი ამბები
მესტიის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა განახლდება
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მესტიის მიმართულებით ფრენა განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ავიარეისებს 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წაახალისებს, რათა კომპანიამ კონკურენტული ფასებით რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება და ზამთარში ფრენა შეძლოს.
„გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი აბსოლუტურად კომფორტულია და 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე, რათა სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ავიარეისით სარგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს, ხოლო სვანეთის მოსახლეობას დამატებით შემოსავალს მისცემს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ტიპის ინტენსიური ავიარეისები ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის ბაზის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას.
„მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიას საშუალება ექნება გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ქართული მცირე ავიაციის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაწეული საქმიანობისთვის ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მადლობა გადაუხადა.
ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ,,სერვისეირი“ რეისებს მესტიის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. კომპანია მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს. ბილეთების შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ, რეისების შესრულება კი 18 ივლისიდან დაიწყება.