ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული „აფხაზეთობა 2026“-ს დაესწრო
2026-05-18 22:24:00
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები ილია შამუგია, ზვიად ბარქაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მინისტრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გამართული ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, მოეწყო ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ღია ცის ქვეშ მოეწყო ეთნო-სივრცე. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.
დღის ბოლოს გალა-კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შავნაბადა“, „ჩელა“, „ოდოია“ და ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა იღებდა.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. „აფხაზეთობის კვირეული“ წელს 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება


























