ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში
2025-05-26 15:56:00

ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქართველო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საზეიმო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის დელეგატი, მუნიციპალიტეტის მერი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, იმართება მასტერკლასები.
წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.
ზუგდიდში კონცერტი ორ ეტაპად გაიმართება, დღის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები შეასრულებენ. საღამოს გალა კონცერტი კი 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე კი ზუგდიდის მთავარ მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
26 მაისის პროგრამა: https://www.facebook.com/share/1C44j3oHAX/?mibextid=wwXIfr




