ახალი ამბები
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ფონმა „ქართუმ“ განახორციელა.
სენაკის სავიზიტო ბარათმა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურმა ძეგლმა 140-ე სეზონი განახლებულ თეატრში გახსნა, თეატრს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებს და ღონისძიებებს.
თეატრის გახსნის ცერემონიალს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სენაკის თეატრი ავარიული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა, აღდგა თეატრის კედლის უნიკალური მხატვრობა, დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.
თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
ამჟამად ფონდი „ქართუ“ სამეგრელოში აშენებს ზუგდიდის თეატრს, ახდენს ხიბულაში ტაძრის მშენებლობას და მემორიალური სახლის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს ფოთში, ზუგდიდში აშენებს რაგბის სტადიონს. ფონდმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა ნარაზენის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, „ქართუმ“ რეაბილიტაცია ჩაუტარა დადიანების ნიკოსეულ სასახლეს, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკს, ააშენა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი სოფელ ძველ ხიბულაში და სარაგბო კომპლექსი ფოთში, ეს ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.