ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის კაბინეტები დაათვალიერა
2021-04-23 15:35:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა.
ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ მრავალპროფილურ კლინიკებში ტარდება, რომლებსაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ. ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ამცრელი გუნდი დაკომპლექტებულია სამი ადამიანით - ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.
გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც დაათვალიერა.
განყოფილება იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი ,რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის - კერძოდ ჰემოდიალიზის მხარდაჭერა ესაჭიროება.
დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტში სამედიცინო მომსახურეობა 500-მდე პაციენტს ჩაუტარდა.
განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების 2020 წლის გამოშვების სტანდარტების შესაბამისი 20 B-Braunis ტიპის სადიალიზო აპარატები, ფუნქციური საწოლები და წყლის საწმენდი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა.
ეკატერინე ტიკარაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღესვე რუხის კლინიკაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.