ახალი ამბები
ზუგდიდში „სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართება
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ- ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“. დღეს პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის #მომავალიშენზეა ფარგლებში „სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართა.
პანელური სესიების ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მათ როლზე დემოკრატიის განვითარების პროცესში - ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზე გაამახვილეს ყურადღება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.
მოეწყო ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და მცირე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის, გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა. ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სამოქალაქო ჩართულობის როლი საზოგადოების განვითარებაში“.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.