ახალი ამბები
ენგურჰესზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად, ენგურჰესში იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაჩერდა. სარეაბილიტაციო პროცესი 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმავლესობას ადგილობრივი მოსახლეები შეადგენდნენ.
სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.
რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.