ახალი ამბები
ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა
ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია.
მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღე იმოძრავებს, გარდა შაბათ-კვირისა. ზუგდიდის ავტოპარკი 20 ხალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით 5 ავტობუსი დაემატება. აღნიშნული ავტობუსები მოემსახურებიან, როგორც ქალაქის მოსახლეობას, აგრეთვე ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.
,,ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს რეგულაციები, ავტობუსებში მაქსიმალურად დაცული იქნება სოციალური დისტანცია, გაკონტროლდება პირბადის ტარება. მნიშვნელოვანია, რომ განვაახლეთ ავტოპარკი და თანამედროვე ავტობუსები მოემსახურებიან მომხმარებელს. გვაქვს ასევე კიდევ ერთი კარგი ამბავი ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საპრევენციოდ, რადგან მგზავრებს ფულთან შეხება არ ექნებათ“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოქმედებს შეღავათები. შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საპატიო ზუგდიდელები.
მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა ხუთი სენსორული მონიტორი, რომელის საშუალებითაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ავტობუსების განრიგის შესახებ, ისე მუნიციპალურ პროექტებზე.
ავტობუსების განახლებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ რუხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.
2020 წელს, ზუგდიდისთვის 25 და ფოთისთვის 10 ახალი ავტობუსის შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.