ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ.
ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას. პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, ასევე მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.