ახალი ამბები
ზუგდიდში 343 ჰექტარ ფართობზე ხეხილის ახალი ბაღები გაშენდა, მოსავალი კი 6 090-მა ფერმერმა დააზღვია
ზუგდიდში 343 ჰა ფართობზე ხეხილის ახალი ბაღები გაშენდა, მოსავალი 6 090-მა ფერმერმა დააზღვია
სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მიმდინარეობს არაერთი მხარდამჭერი პროექტი, რომლებმაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღები უკვე 343 ჰა ფართობზე გაშენდა.
პროექტის მიზანია მრავალწლოვანი კულტურების გაშენების დაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
თანადაფინანსება ხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში, ესენია: მრავალწლოვანი ბაღების, სანერგე მეურნეობებისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.
ფერმერებისთვის ასევე მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია „აგროდაზღვევის“ პროგრამა. აღნიშნული პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 090-მა პირმა 29 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი დააზღვია.
აგროდაზღვევა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, ფერმერებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასა და რისკების შემცირებას, ასევე აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას.
„დანერგე მომავლისა“ და „აგროდაზღვევის“ პროექტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედებს საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველას, ვინც არის ანდა ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/