ახალი ამბები
ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი, ფილიალი გაიხსნა
ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი, ფილიალი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ესწრებოდნენ.
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო.
სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს. ფოთის ფილიალში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებლის შესაძლებლობებისა და ფუნქციური დანიშნულების შესახებ კომუნიკაცია შედგა საზღვაო ინდუსტრიის ყველა სეგმენტთან, რამაც საპასუხოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს.
საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.
საზღვაო სასწავლებლისთვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი გაკეთდებოდა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის - შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე.