ახალი ამბები
გიორგი გახარია - 2021 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი იქნება
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში.
„დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება წალენჯიხას, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.
„რაც შეეხება წალენჯიხას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სხვაობა დიდ ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 23 მილიარდი ლარი დახარჯა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კი მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.
„საქართველოს მთავრობა 2021-2024 წლებში დახარჯავს ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს - ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო უნდა დააახლოოს ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზებისა და გაზიფიცირების შემდეგ სასმელი წყლით და საირიგაციო სისტემით უზრუნველყოფაა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გადაიჭრება.
„2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობას და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყველგან - წალენჯიხაში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ყველგან. როდესაც ვამბობთ, რომ დავხარჯავთ 20 მილიარდ ლარს. თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებს და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე, ოჯახამდე, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის ოთხი წელი. ეს იქნება ის 4 წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ესწრებოდა.
საქართველოს მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის შესაბამისად, ბუნებრივი აირი საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში შევა. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა.
საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. გაზიფიცირების პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 211 დასახლებული პუნქტისა და 33 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.