ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობის ორი წლის ანგარიში წარადგინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა.
ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. სახელმწიფო რწმუნებულმა ერთ-ერთ ასეთ საკითხად სამეგრელო-ზემო სვანეთის ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“-ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანება დაასახელა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. სამეგრელო-ზემო სვანეთი ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით მიმდინარე წლის მარტში გახდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ისაუბრა საზღვაო პოტენციალის განვითარებასა და რეგიონის ჭრილში მის დადებით ასპექტებზე.
,, საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონში საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბების საკითხს. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. 1000-ზე მეტ, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საზღვაო სასწავლებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე შეეხო თხილის გადარჩენის პროგრამას. ალექსანდრე მოწერელია მეთხილე ფერმერებთან შეხვედრებს პირადად კარდა-კარის პრინციპით მართავდა. სახელმწიფო რწმუნებულის უშუალო ჩართულობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობით რეგიონში ფერმერთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომელთაც თხილის მოვლისთვის გადაეცათ შესაწამლი აპარატები, ისინი მუდმივად იღებენ კვალიფიციური აგრონომების კონსულტაციებს. ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გატარება.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს 1061 პროექტი გამხორციელდა, რომლიც თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე აირჩია, ამავე პროგრამით მიმდინარე წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს 895 ინფრასტრუქტურული პროექტი.
რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 362 კილომეტრი საავტომობილო გზა, აშენდა 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა 17 ობიექტზე. სამელიორაციო სამუშაოების კუთხით, მოწესრიგდა 2693 ჰექტარი მიწა.
ორი წლის განმავლობაში, გაზიფიცირდა 70 სოფელი. დამატებით მიმდინარეობს სამუშაოები და სატენდერო პროცედურები 12 ობიექტზე.
მრავალბინი საცხოვრებელი ეზოების და ფასადების კეთილმოწყობის კუთხით განხორციელდა 10 პროექტი, დასრულდა 8 სკვერისა და პარკის მოწყობა, ამჟამად მიმდინარეობს 10 პროექტი, გარე განათება მოეწყო 7 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები: გაიხსნა რუხის საავადმყოფო, კლინიკა ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის საქმიანობაშია ჩართული. აშენდა 26 ახალი ამბულატორია, რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. ზუგდიდში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. მიმდინარე წელს კი 24 ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება.
აშენდა გადაუდებელი დახმარების 8 ცენტრი, დასრულების ეტაპზეა კიდევ 1 ცენტრის მშენებლობა. მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 51 126 ბენეფიციარი 14 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსეს. პანდემიის დროს სასურსათო დახმარება გაეწია 20 000 -ზე მეტ ოჯახს
უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს. მიმდინარეობს 640 ბინის მშენებლობა, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. 2019-2020 წლებში, სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში 634 დევნილი ოჯახისთვის სახლების შესყიდვა მოხდა.
პროექტები განხორციელდა განათლების სფეროში: ფოთში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. რომელიც 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. დასრულდა 3 და მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა. სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 100-ზე მეტ სკოლას.
განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 2019 წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა. მიმდინარე წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია.
აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და მეწარმეთა ხელშეწყობის პროექტები.