ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: მადლობა მოქალაქეებს რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ მდგომარეობას
სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ორივე შემოსასვლელში განთავსებული საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირებას გაეცნო.
,,ჩამოსვლის მიზანია, გავცნობოდი მდგომარეობას ადგილზე, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს სამართალდამცავებს. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ერთგვარად ბოდიშიც მოვუხადო, შეფერხება რომ უწევთ, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თერმოსკრინინგზე, ფაქტიურად, არავინ უარს არ ამბობს, ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ ფოთის პუნქტან შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება, უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს"- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში განთავსებულ საკონტროლო პუნქტზე, ალექსანდრე მოწერელიამ ობიექტზე მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.