ახალი ამბები
ზუგდიდის მერმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებზე ბრიფინგზე ისაუბრა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება. სამარშუტო ტაქსები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდება, ახალი გრაფიკები ზუგდიდის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდება. მუნიციპალური ტრანსპორტით ქალაქის ტერიტორიასა და ყველა სოფელში იმოძრავებს.
ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე დეზინფექცია ჩაუტარდება მოსაცდელებს.
ხვალიდან ზუგდიდში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დამუშავება მოხდება. ეს განცხადებები ზუგდიდის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
,,აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევხვდით ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს და გავიარეთ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სურსათის უზრუნველყოფის კუთხით. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა რომ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მარაგებიც საკმარისია და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ დარჩნენ სურსათის გარეშე. არანაირ გართულებებს ამ მიმართულებით არ ველოდებით” - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
მისივე განმარტებით საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს.
„დღეს საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს, სადაც ჩვენი ბევრი მოქალაქე იყრის თავს,. დეზინფექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლას და საბავშო ბაღს, ბიბლიოთეკასა და ჩვენს ქალაქში არსებულ სახელოვნებო თუ სპორტულ დაწესებულებებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ჩვენ სოციალურ სასადილოში შევცვალეთ მომსახურების პირობები და ადგილზე მიწოდების ნაცვლად გვექნება გატანის სერვისი, თითოეული მათგანი ვინც ახერხებს მოსვლას გააქვს საკვები და მოქალაქეები, რომლებიც ვერ შეძლებენ საკვების წაღებას, ჩვენი მოხალისეების დახმარებით შინ მივუტანოთ მათ საკვებს, რათა მათი კვების საკითხი იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული” - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.