ახალი ამბები
ჩხოროწყუში სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა დაფნის საწარმომ 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე გაიტანა
2020-02-21 19:01:00
ჩხოროწყუში სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა დაფნის საწარმომ 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე გაიტანა
დაფნის საწარმო ,,ჯუმითი 2014“-მა, რომელიც ჩხოროწყუში მდებარეობს 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე უკვე შეიტანა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო წელს ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს და 120 ტონა ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული.
საწარმოო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა.
„ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოსა და გურიაში 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. ჯამში მხოლოდ 2019 წელს ბენეფიციარებზე გაცემულმა თანხამ 326 000 ლარს გადააჭარბა. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.