ახალი ამბები
ფოთში სამი საკვანძო ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთად ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპით განსახორციელებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.
კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა.
ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება აკაკის, წმ. გიორგის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. განკარგულების შესაბამისად ამ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქცვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. სამსახური ახალი ჩამოყალიბებულია და მისი მიზანი: ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილება, დაჭაობებული უბნების დაშრობა, ხელოვნური წყალსატევების, წყალმიმღებების, სატუმბი სადგურების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სანიაღვრეებზე და სამელიორაციო სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების დაცვა და ზედამხედველობაა.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ფოთში მელიორაციის კუთხით არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, სპეციალისტებისგან სფეროში არსებული ვითარება მოისმინა და სამსახურის გეგმებს ფოთის მერთან და მის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.