ახალი ამბები
შეხვედრები ფოთში - ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის ქუჩებსა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის ქუჩებსა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა არის პრობლემები, რომლის გადაჭრაც უახლოეს პერიოდშია შესაძლებელი, რაზეც რეაგირება დროულად მოხდება და არის პრობლემები, რომელთა მასშტაბიც დიდია და მის მოსაგვარებლად დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრები ფოთში გუშინ 2 ნოემბერს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება.