ახალი ამბები
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ფოთში - ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვედერბი გაიმართა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა არის პრობლემები რომლის გადაჭრაც უახლოეს პერიოდშია შესაძლებელი, რაზეც რეაგირება დროულად, მოხდება და არის პრობლემები, რომელთა მასშტაბიც დიდია და მის მოსაგვარებლად დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო.
ალექსანდრე მოწერელია არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და იმ ოჯახებს ესტუმრა, რომელთა მაღალსართულიანი ბინების სახურავები რეაბილიტაციას საჭიროებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ალექსანდრე მოწერელია დღესვე ფოთში კუნძულის უბანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.