ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდს სტუმრობდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად, რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა გახსნა.
ზუგდიდში არსებული ხუთ სართულიანი შენობა, გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც არსებობს ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე. შენობაში განთავსდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველოს და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილება.
მთავრობის მეთაური დღესვე რეგიონის პედაგოგებს ზუგდიდის ტექნოპარკში შეხვდა. გიორგი გახარიამ ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვევებზე და პედაგოგებს პრობლემებზე ღიად და გულწრფელად საუბრისკენ მოუწოდა.
,,გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონერებზე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასწავლებლების შემდეგ გიორგი გახარიამ შეხვედრა რეგიონის ექიმებთან გამართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებების, ცვლილებების მიღება მოხდება და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.
„არანაირი წინსვლა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ფინანსური რესურსიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ჯანდაცვაში, თუ არ გვექნება ახლო კავშირი და არ გვეცოდინება საშუალო ტემპერატურა თქვენს საავადმყოფოებში როგორია. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში, სამეგრელოში. რა გამოწვევები გვაქვს. თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ აქ პროგრესი გვქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი და სწრაფი. არ გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. პრაგმატულად და ეფექტურად რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რის მიღწევაც შეგვიძლია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი დღესვე რეგიონის ახალგაზრდებს სოფელ ჭკადუაშში მიურატების რეზიდენციაში შეხვდა.
"დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან,სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში და ახალგაზრდებს მოუწოდა, გულწრფელად ისაუბრონ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე.
"არაფერს აქვს ფასი, თუ ხვალ, ზეგ, როდესაც თქვენ სრულფასოვნად აიღებთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ეს განგრძობადობა და მეხსიერება დაკარგული იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია, რომ ეს წყვეტა იყო რადიკალური, რამაც ბევრი რამ შეცვალა. არ არსებობს დახურული თემები და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც თქვენ გაღელვებთ. გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს და თქვენს თავს 5-10 წლის შემდეგ, რა პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ თქვენს თავზე დღეს და ხვალ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისთვის, რომ 10 წლის შემდეგ თქვენ სრულფასოვნად შეგეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ქვეყანაზე, მის განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.
პრემიერ მინისტრი დღესვე სოფელ ზედაეწერში რეგიონში მოღვაწე ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მეწარმეებს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ესაუბრა და მათგან წინადადებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გიორგი გახარიას თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის, გარდა ტრადიციული კულტურებისა, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო განვითარდეს ადგილობრივი მევენახეობა.
„პატარა მარნებიც კი ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი. უცხოელისთვის საქართველო უკვე ღვინითაა ცნობილი. ტურისტი მესამედ და მეოთხედ რომ ჩამოვა,სადაც ფეხს დადგამს საქართველოში, კარგი ღვინო უნდა დახვდეს. ისტორიულად სამეგრელოში იყო ყურძნის ჯიშები და მისი აღდგენა აუცილებელია.
სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კარგი შემოსავალი მოუტანოს. დათვლადია ყველაფერი. თქვენ მეურნეობას რომ ეწევით, ხომ თვლით რა შედეგს მოგიტანთ. აი, მაგალითად, თხილის პოტენციალი არის მაღალი, კარგი მუშაობის შედეგად შესაძლებელია რეგიონს 100 მილიონი მოუტანოს წელიწადში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად.
„ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დააკლდა. დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ, 3 პროცენტზე ნაკლები, რადგან აქ სამუშაოა ტურისტულ პროდუქტებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს გეგმა უნდა გავაკეთოთ, რომ უკვე მომავალ წელს ამ გეგმის მიხედვით ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროულად აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლია, გასაკეთებელია მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდის მარშრუტი. ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი შესაძლებლობაა სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება 5-6 დღე დავაკავოთ. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მეწარმეებთან შეხვედრის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ახალგაზრდებმა მკითხეს ანაკლიის, ანაკლიის პორტის, დასაქმების შესახებ. რა თქმა უნდა, ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვუყურებ ანაკლიას, როგორც მარტო პორტს. არ არის ეს მხოლოდ პორტი. ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრობლემა არის ის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამეგრელო გახდა ჩიხი. ანაკლიაც ამ ჩიხის გადალახვის ერთ-ერთი საშუალებაა, ისე როგორც მაგალითად, რკინიგზის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ. ამ უკანასკნელს, ყველამ ვიცით, რომ 5 წელიწადში ვერ გავაკეთებთ, ანაკლიის გაკეთება კი 5 წელიწადში შესაძლებელია. შინაარსობრივად, მაინც საკითხი მიდის არა იმაზე, რამდენ ადამიანს დაასაქმებს პორტი, არამედ იმაზე, რომ კუთხე არ იყოს ჩიხი. ეს არის ყველაზე დიდი შინაარსი ანაკლიის ამ პროექტის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.