ახალი ამბები
დავით ფარცვანიამ შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ბანძაში, ონოღიასა და ვედიდკარში გაიმართა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების და გაზიფიცირების პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბანძაში სოციალურად დაუცველ გიული კეკელიასთანაც იმყოფებოდნენ, რომელის საცხოვრებელი სახლიც ავარიულია. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მას პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაპირდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
დავით ფარცვანიამ, არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.