ახალი ამბები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.